ხარისხიანი განათლების მიღება არის თანაბარი უფლება თითოეული ადამიანისთვის, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. შესაბამისად, ხარისხიანი განათლების მოდელი ყველა ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედია. ევროპის 29 ქვეყნის უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებელმა მინისტრებმა 1999 წლის 19 ივნისს იტალიის ერთ-ერთ უძველეს საუნივერსიტეტო ქალაქში, ბოლონიაში, ხელი მოაწერეს დეკლარაციას და ამ ხელმოწერით გამოხატეს საერთო მზადყოფნა მონაწილეობა მიეღოთ უმაღლესი განათლების ერთიანი ევროპული სივრცის ჩამოყალიბებაში. საქართველო ბოლონიის პროცესს 2005 წელს ბერგენის სამიტზე შეუერთდა, რის შედეგადაც უმაღლესი განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა. დღეს საქართველოში 3 960 საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებს, სადაც 120,000-მდე ადამიანია დასაქმებული. მათ შორის, 80 ათასზე მეტი სხვადასხვა საგანმანათლებლო დონეზე პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა.